“RMG-ის სტიპენდია” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 11 სტუდენტს დაენიშნება სიახლეები დამატების თარიღი 2 თებერვალი, 2018 391 კომპანია RMG-იმ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 11 წარმატებული სტიპენდიანტი გამოავლინა, რომლებიც კომპანიისაგან ერთი წლის განმავლობაში „RMG-ის სტიპენდიას“ მიიღებენ. კომპანიის წარმომადგენლებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებულმა კომისიამ 50-მდე სტუდენტთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის რვა და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სამი სტუდენტი შეარჩია, რომლებსაც ყოველთვიურად „RMG-ის სტიპენდია“ გადაეცემათ. 2 თებერვალს კომპანია RMG-ის თბილისის ოფისში, სტიპენდიანტებს სამახსოვრო სიგელები კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა და გარემოს დაცვის დირექტორმა მიხეილ კვარაცხელიამ გადასცეს და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს. RMG-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა მიმართულია სამთო-მოპოვებითი დარგის სპეციალისტების მომზადებასა და მხარდაჭერაზე. ამდენად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, შესაბამისი პროფილის წარმატებული სტუდენტებისათვის კომპანია საკუთარ ობიექტებსა და საწარმოებში პრაქტიკის და სტაჟირების გავლას უზრუნველყოფს.