5 წლიანი პაუზის შემდეგ შუახევში ზამთრის კურორტი “გომარდული” გაიხსნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 30 დეკემბერი, 2017 487 დღეს, კურორტ გომარდულში ზამთრის ტურისტულის სეზონი გაიხსნა. 5 წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი მზადაა ვიზიტორებს ისევ უმასპინძლოს. ოფიციალური ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ გახსნა. სეზონის გახსნის ღონისძიებას მთავრობის წევრები, გიდები, ტურისტები, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ზღვის დონიდან 1250 მეტრზე, ბათუმთან ყველაზე ახლოს 400 მეტრიანი სათხილამურო ტრასით დღეიდან ნებისმიერი მსურველი ისრიალებს. საახალწლო დეკორაციებით მორთულ კურორტზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი კერძები და სასმელები, ესრიალათ თხილამურებზე, მოესმინათ ადგილობრივი ფოლკლორი და ბათუმელი ბენდების „Asea Sool”, Groovephonics ცოცხალი შესრულება. „აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კურორტ გომარდულს ვიზიტორები ისევ მიეღო. ეს არის ძალიან კარგი კურორტი ბათუმთან ახლოს. ამ ეტაპზე აქ ვიზიტორებს 5 კოტეჯი და ერთი კვების ობიექტი ემსახურება, სადაც ერჯერადად 60 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აქვეა 80 ადამიანზე გათვლილი 10 საოჯახო-სასტუმრო სახლიც. სეზონისთვის, კურორტზე არსებულ კოტეჯებში სრულად შეიცვალა წყლისა და გათბობის სისტემები. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა კურორტამდე მისასვლელ გზას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კურორტ გოდერძისთან ერთად გომარდულიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აჭარის, როგორც ტურისტებისთვის ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაციის საქმეში,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის მთელი დღის განმავლობაში ბათუმიდან (ბულვარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი) გომარდულის მიმართულებით მოძრაობდა უფასო ტრანსპორტი. კურორტ გომარდულში სეზონის გახსნის ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.