15 სექტემბერს შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირველი ზარი დაირეკა შუახევის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 15 სექტემბერი, 2017 383 15 სექტემბერს შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირველი ზარი დაირეკა. დილიდანვე განსაკუთრებული ხალისი და ჟრიამული იგრძნობოდა ქუჩებში. კოხტად გამოწყობილი გოგო – ბიჭები ჩანთებით ხელში მხიარულად მიიჩქაროდნენ სკოლისაკენ. ახალი სასწავლო წლის დასაწყისი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა მუნციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში. შუახევლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ ხელმძღვანელპირებთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელთნ ედუარდ გოგრაჭაძესთან ერთად დაბა შუახევის და ბუთურაულის საჯარო სკოლებიდან მიულოცა:- ,,ყველას მოგილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ახალი იმედების, რწმენის და წარმატებებისაკენ ლტოლვის პირველი დღე. ვისურვებდი, დღევანდელი დღე გამორჩეული ყოფილიყოს ყოველი თქვენგანისათვის. მრავალი გამარჯვების, მრავალი წარმატების, მრავალი სიხარულისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ახალი სასწავლო წელი თქვენთვის. ყოფილიყავით უბედნიერესი თაობა და გამორჩეულად წარმატებულები.“ მიმდინარე წელს,შუახევის მუნიციპალიტეტში 129 პირველკლასელი ჩაირიცხა.მათ საჩუქრად კომპიუტერები და სახელმძღვანელოების ახალი სრული პაკეტი გადაეცემათ.მომავალი თაობის სწავლა-განათლებაზე 847 პედაგოგი იზრუნებს.სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე სახელმძღვანელოების სრულ პაკეტს მიიღებს. პაკეტი მოიცავს როგორც მაღალი ქულით შეფასებულ, უკვე გამოყენებულ სახელმძღვანელოებს ასევე, ახალ წიგნებს. წელს, შუახევის მუნიციპალიტეტის ნაღვარევის, ქიძინიძეების, ჭვანისა და ბუთურაულის საჯარო სკოლებს ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ცინარეთის საჯარო სკოლაზე. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლა გაიხსნება ოქტომბერში ფურტიოში. სოფელ ჟანივრში ახალაშენებული საჯარო სკოლა მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება. წელს, ასევე, საფუძველი ჩაეყარა და მიმდინარეობს მაწყვალთის საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც 2018 წელს დასრულდება. აჭარის რეგიონში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების " ფარგლებში უზრუნველყო. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინასებით აშენდა ცენტერაძეების დაწყებითი სკოლა.დაწყებითი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს კაკალაძეებში.