ხულოში ზოგიერთი მრავალშვილიანი დედა მერიისგან საჩუქრების გარეშე დარჩა ხულოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 9 მარტი, 2018 308 ხულოში დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 50 დედას ყვავილები და ფასიანი საჩუქრები გადასცა. მათ შორის იყვნენ დედები, რომლებსაც ათი და მეტი შვილი ჰყავთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიებში დაღუპულთა დედები, აგრეთვე, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული და დამსახურებული დედები. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გმირი დედები საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ყვავილებით დაასაჩუქრა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში და ავღანეთის სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპულთა დედებს მერიისგან ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. თუმცა მერიისაგან, არც ყვავილები და არც საჩუქრები არ მიუღიათ იმ მრავალშვილიან დედებს, რომლის შვილებიც 18 წლის ზევით არიან, 9 და უფრო ნაკლები შვილი ჰყავთ. მაგალითად: მიუხედავად იმისა, რომ მაყვალა აბულაძეს 7 შვილი ჰყავს მას მერიისაგან არაფერი მიუღია, მაყვალა აბულაძის მსგავსად წელს მერიისაგან არაფერი მიუღია სოფელ ჩოში მცხოვრებ 9 შვილის დედას. მან საჩუქარი იმ მიზეზით ვერ მიიღო, რომ მისი შვილები 18 წელს გადაცილებულები არიან. აღნიშნული დედების მსგავსად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კიდევ ბევრი მრავალშვილიანი დედა ცხოვრობს, რომლებმაც მუნიციპალიტეტის მერიისაგან ვერაფერი ვერ მიიღეს. როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში „აიპრესთან“ განაცხადეს ისინი ეცდებიან, რომ ყველა დღესასწაული აღნიშნონ, ეს იქნება დედის დღეს, ქალთა დღე თუ სხვა მნიშვნელოვანი დღესასწაულები, თუმცა აღნიშნავენ, რომ გარკვეულ წილად შეზღუდულები არიან და მოკრძალებულად აღნიშნავენ დღესასწუალებს. "ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტს აქვს სხვადასხვა პროგრამები 5 შვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 18 წლამდე მინიმუმ 3 შვილი ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით, მათ გადაეცათ 1000-1000 ლარი ლარი. ვისაც 18 წლის ზევით ყავს, ამ შემთხვევაში საუბარი იყო 10 და მეტ შვილიან დედებზე, რომლებიც მოწვეული იყვნენ ღონისძიებაზე და შესაბამისად მათ გადაეცათ მცირედი საჩუქრები და ყვავილები. პროგრამის დამუშავება ხდება შესაბამისი სამსახურის მიერ, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე და ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება თუ რა ფინანსურ დანახარჯებთან იქნება ეს ყველაფერი დაკავშირებული. ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ყველა დღესასწაული აღვნიშნოთ, ეს იქნება დედის დღეს, ქალთა დღე თუ სხვა მნიშვნელოვანი დღესასწაულები, თუმცა გარკვეულ წილად შეზღუდულები ვართ პომპეზურობისაგან და მოკრძალებულად ხდება ამ ყველა ღონისძიების აღნიშნვა", – განაცხადა „აიპრესთან“ ხულოს მერის მოადგილე ლაშა ბოლქვაძემ.