ჭიღვარია:”ნაციონალებს” ალბათ ეცინებათ ამაზე, მაგრამ საქართველოში ერთი ხმა წყვეტს არჩევნებს ქუთაისი დამატების თარიღი 6 დეკემბერი, 2017 356 "მე ვარ გუნდური მოთამაშე, მიუხედავად ამისა, დღესაც ვეწინააღმდეგები პარლამენტის გადატანას და პრინციპში ეს საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში. ბატონი ირაკლის გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს პარლამენტის რემონტი, მის წინ, 21 ჰექტარზე შენდება დიდი კულტურული დასასვენებელი პარკი, რაც ქუთაისს აძლევს დიდ რეკრეაციულ ზონას." – აცხადებს "აიპრესთან" ინტერვიუში ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია. -არჩევნები რომ შევაჯამოთ, ელოდით თქვენ მეორე ტურს? ცოტა ნაწყენი ხომ არ დარჩით მეორე ტური რომ დაგჭირდათ? "ჩვენ დაგვაკლდა 702 ხმა, ანუ ეს არის ჩვეულებრივი სპორტი, ჯანსაღი კონკურენცია, ყველაფერი შეიძლება, მთავარია, მოტივირებული ვიყოთ იმისათვის, რომ არჩევნები ჩავატაროთ სუფთად და ცესკომ ასეც გააკეთა. არჩევნები იყო ძალიან სამართლიან, კონკურენტუნარიან რეჟიმში, გვყავდა ბევრი კანდიდატი, აქედან გამომდინარე, მე ნორმალურად მიმაჩნია მეორე ტური. ეს იმის ნიშანია ზუსტად, რაც უნდოდა "ქართულ ოცნებას" გაეკეთებინა საქართველოში და ჩვენ დაგვენახებინა ქართველებს მთელი მსოფლიოსათვის, რომ ვართ დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, და თუნდაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისას, არ არსებობს ფაქტი, სადაც 702 ხმა დააკლდა სახელისუფლებო კანდიდატს და მეორე ტური ჩატარდა. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ერთმა ხმამ გადაწყვიტა არჩევნების ბედი და არა სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ. ეს არის რეალობა, "ნაციონალებს" ალბათ ეცინებათ კიდეც ამაზე."