წყალტუბოს პარკში არსებულ ერთ-ერთ ხიდს “ევროპის ხიდის” სახელი მიენიჭა წყალტუბოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 10 მაისი, 2018 418 წყალტუბოში ევროპის დღის აღნიშვნის ფარგლებში პარკში არსებულ ერთ-ერთ ხიდს "ევროპის ხიდის" სახელი მიენიჭა. ასევე, ტურიზმის განვითარების ცენტრში უვიზო მიმოსვლასთან, მიღწევებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით საჯარო ლექციაც გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერის თქმით წყალტუბო უერთდება იმ მისწრაფებას, რასაც ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობაა. "დღეიდან მწვანე ქალაქში ჩვენ გვექნება ევროპის სახელობის ხიდი, რომელიც თითოეულ გამვლელს შეახსენებს ჩვენს ყოველდღიურ მისწრაფებას, რომელიც მჯერა, ჩვენი ამ ოჯახში ინტეგრაციით დაგვირგვინდება" – ამბობს გრიგოლ იოსელიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი. საჯარო ლექცია, რომელიც უვიზო მიმოსვლის თემაზე გაიმართა ახალგაზრდები, თვითმმართველობის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდნენ. "საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ახალგაზრდებთან კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმ სიკეთეზე, რასაც ევროკავშირი იძლევა. ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც შეიძლება გვქონდეს ჩვენ ამ გზაზე." – ამბობს ცოტნე ზურაბიანი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი. ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წყალტუბოში "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წყალტუბო წლებია უერთდება ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და მომავალშიც აქტიურად გეგმავს აქტივობების განხორციელებას.