ჩხოროწყუში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 9 აპრილი, 2018 396 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა, სხვადასხვა სამსახურის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული გმირები და 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების მოსწავლეების მონაწილეობით მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია ჩატარდა. ასევე, დღეს დაბის ცენტრში, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრთა ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მამულიშვილთა მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფა ხელოვანის, 9 აპრილის მონუმენტის ავტორის- დემურ ანთიას თაოსნობითა და ეროვნული მოძრაობის წევრების მხარდაჭერით, დაბის ცენტრში , 9 აპრილის მონუმენტის გვერდით დამონტაჟდა. ღონისძიების დასრულების შემდგომ,მემორიალთან შეკრებილებმა 9 აპრილს მოწამლულ ზოია გრიგოლაიას საფლავთან გადაინაცვლეს, დაანთეს სანთლები და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით ადამიანი დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.