ქუთაისის მერმა გარემოვაჭრეების ნაწილთან შეთანხმებას მიაღწია ქუთაისი დამატების თარიღი 1 მარტი, 2018 212 ქუთაისის მერი გარე მოვაჭრეებს შეხვდა. გიორგი ჭიღვარიამ მერიის შენობასთან მისული მოვაჭრეები კაბინეტში მიიღო. ქალაქის მერის პოზიცია უცვლელია, ქუთაისში არ დაუშვებს გარე ვაჭრობას. გიორგი ჭიღვარიას განმარტებით, მათ უკვე მოილაპარაკეს ბაზრების ხელმძღვანელებთან, რომლებიც მზად არიან გარემოვაჭრეებს სამი თვით უფასოდ გამოუყონ დახლები. მერია ყველა გარემოვაჭრეს სთავაზობს ალტერნატიულ ფართს, თუმცა შეთავაზებას მოვაჭრეთა მხოლოდ ნაწილი დათანხმდა. შეგახსენებთ, პირველი მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვა გააპროტესტეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დასაქმებულმა გარემოვაჭრეებმა. მათ მერიის შენობის წინ ცენტრალური გზა გადაკეტეს. გარემოვაჭრეები ქალაქში გარევაჭრობის აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ. მათი განცხადებით, თითოეულ მათგანს საბანკო ვალდებულებები აქვს და თავის რჩენის წყარო სჭირდებათ. ისინი არ ეთანხმებიან მერიის შეთავაზებას ბაზრებში შესვლასთან დაკავშირებით.