ქობულეთის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ომში დაღუპული მეომრების საფლავები ყვავილებით შეამკეს ქობულეთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 9 აგვისტო, 2018 146 დღეს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრთან ფატი ხალვაშთან ერთად 2008 წლის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპული მეომრების – ბესიკ შაინიძის, თენგიზ ჭაღალიძისა და ედნარ დიასამიძის საფლავები ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. დღესვე ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის ინიციატივით აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სახლებთან მემორიალური დაფები განთავსდა. „ჩვენი ვალია მზრუნველობა და გვერდში დგომა გამოვხატოთ ჩვენი გმირების ოჯახების მიმართ და ვცდილობთ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ მათი დაღუპვით გამოწვეული ტკივილი. ჩვენ დღეს მათ სახლებთან განვათავსეთ მემორიალური დაფები ნიშნად მათი პატივისცემისა და უკვდავყოფისა“ – აღნიშნა მერმა. ომში დაღუპულთა ოჯახებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან 3000-3000 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტისგან 300-300 ლარი გადაეცათ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში 445 ქობულეთელი ჯარისკაცი იბრძოდა, რომელთაგანაც უთანასწორო ბრძოლას 10 ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.