ქალაქი ქალაქის ქვეშ – რას მალავს თელავი (ფოტორეპორტაჟი) ipressთელავის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 5 აგვისტო, 2019 5,343 არსებობს თუ არა თელავის ქვეშ კიდევ ერთი მიწისქვეშა ქალაქი? ამ კითხვაზე პასუხის ძიება არქეოლოგებმა, მემცნიერებმა და ძეგლთა დაცვის სპეციალისტებმა ხუთი წლის წინ დაიწყეს. პირველ ეტაპზე, გამოიკვლიეს ის ადგილები, სადაც შესაძლებელი იყო უძველესი გვირაბებისთვის მიეგნოთ… მოგვიანებით ინტერესიც გაიზარდა და ახალი აღმოჩენებიც უფრო გახშირდა. რატომ შეარჩიეს დარგის სპეციალსტებმა არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად ძველი თელავის ტერიტორია, რამდენ ლოკაციაზე მიმდინარეობს გათხრები, რას მიაგნეს მიწისქვეშ და როგორია თელავის ტურისტული პოტენციალი ახალი აღმოჩენების კვალდაკვალ, ამ და სხვა საკითხებზე “აიპრესის” კითხებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა, ვახტანგ გაგნიძემ უპასუხა. თავდაპირველად, როდის გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა თელავის ქვეშ კიდევ ერთი ,,ქალაქი,, იმალებოდეს, როდის დაიწყო არქეოლოგიური გათხრები? ბავშვობიდან ამ საქმეზე ჩემდაუნებურად დამოკიდებული ვარ, მამა მყავდა არქიტექტორ-რესტავრატორი, რომელმაც ზეპირად იცოდა თელავის და არამარტო თელავის თითოეული კუთხე. მას დავდევდი ყოველთვის და შესაბამისად ინტერესიც ჩამომიყალიბდა და დღეს უკვე, როდესაც ამ სამსახურში ვარ და გადაწყვეტილების მიმღები პირები ყველანაირად გვერდში მიდგანან, რომ თელავი წარმოჩინდეს როგორც ისტორიული ქალაქი, მე ვალდებული ვარ რომ ეს ყველაფერი დავგეგმო და გავაკეთო. შესაბამისად, ჯერ კიდევ 2014 წელს დავიწყეთ ქალაქში გვირაბის საძიებო სამუშაოები. გამოჩნდა მე-9- მე-10 საუკუნეების გვირაბის ნაშთი, მასთან ერთად აღმოჩნდა 2000 ერთეულზე მეტი კერამიკული მასალა. ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გამოვლინდა, როგორც გარდამავალი პერიოდის, ასევე განვითარებული შუა საუკუნეების კერამიკული მასალა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თელავი თავის დროზე დაწინაურებული ქალაქი იყო და ვაჭრობა-ხელოსნობით იყო განვითარებული, სხვა ყველაფერთან ერთად. გვირაბების საძიებო სამუშაოების შემდეგ, ინტერესი გაჩნდა ქალაქის უძველეს უბნებში მოძიებულიყო დღემდე უცნობი არქეფაქტები. 2016 წელს თანამშრომელმა (ბიძინა ხატიაშვილმა)მთხოვა, რომ დაბახნების ტერიტორიაზე გვენახა მიწის პირას არსებული გაურკვეველი ნაშთი. ადგილზე მისვლისას, ნამდვილად აღმოჩნდა ადრეული შუა საუკუნეების ნაგებობის კვალი და ამ დაზვერვის შემდეგ გადავწყვიტეთ, აქ გვეწარმოვებინა არქეოლოგიური სამუშაოები. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დაბახნების ტერიტორიაზე ჩვენ საქმე გვაქვს საფორტიფიკაციო სისტემის ნაწილთან, რომელიც არ ვიცოდით აქამდე. ქალაქისთვის საფორტიფიკაციო სისტემა ნიშნავს იმას, რომ ის საიმედოდ იყო დაცული ჯერ კიდევ მე5-7 საუკუნეებიდან, სადაც ქორეპისკოპოსნი და მეფენი მართავდნენ მხარეს. ციტადელი, რომელიც ჩვენ ახლა გვაქვს ძველი გალავნის სახით, მას ჰქონდა ქვედა ციხე, რომელიც ქალაქს შემოუყვებოდა. პარალელი რომ გავავლოთ ჩემს ნათქვამსა და ჩატარებულ სამუშაოებს შორის, იკვეთება ერთი კონკრეტული კონტური, კერძოდ – გვირაბი და გალავანი, რომელიც ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გამოჩნდა და დაბახნების ტერიტორია, სადაც ადრე შუა საუკუნეების კოშკის ნაშთებია, ეს ხაზი ჩოლოყაშვილის ქუჩის ეზოებიდან მოყოლებული საცხოვრებელი სახლების სარდაფებში გადის და ნაწილობრივ ქვედა ციხის კონტურს ხაზავს. რაც შეეხება სამხრეთის ქვედა ციხის გალავანს, ის კვირიკე დიდის ქუჩიდან უნდა მიუყვებოდეს და დაბახნების ტერიტორიაზე იყრიდეს თავს. თუმცა არ არის გამორიცხული დაბახნების ტერიტორია ბევრად უფრო ადრეულ პერიოდს ეკუთვნოდეს და სულსხვა რამესთან გვქონდეს საქმე. ამას კი შემდგომი სამუშაოები გამოარკვევს. ჩვენ გასულ წელს ასევე ჩავატარეთ სამუშაოები ზუზუმბოს ტერიტორიაზე, სადაც აღმოჩნდა ძვ. წ. მე-15-მე-8 საუკუნეების სამარხი, ბრინჯაოს სამაჯური, მასრაგახსნილი შუბის პირი და 10-მდე კერამიკული ჭურჭელი, რაც უკვე უტყუარს ხდის იმას, რომ თელავი ზუზუმბოს ტერიტორიიდან, ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-15 საუკუნიდან იწყებს დასახლებას. საინტერესოა, რატომ შეარჩია არქეოლოგიურმა ჯგუფმა გათხრების ჩასატარებლად ძველი თელავის ტერიტორია და რამდენ ლოკაციაზე მიმდინარეობდა სამუშაოები? წელს ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა დაბახნების ტერიტორიაზე და კვირიკეს ციხე-გალავანზე. დაბახნების ტერიტორიაზე არქეოლოგიურ ველზე, გალავნის ფრაგმენტები ვერ ვიპოვეთ, რადგან იქ უფრ მასშტაბურად არის გასაშლელი კვლევითი საქმიანობა. წარმოიდგინეთ დაბახნების ბორცვი, მისი თხემი, კალთები რომელიც მინიმუმ 39 184 კვადრატული მეტრია და მთლიანად შესასწავლია, რა რესურსი სჭირდება, მაგრამ ნელნელა ყველაფერი მიღწევადია. დაბახნების წყაროს ქვემოდან ჩანს გალავნისა და ბურჯის ნაშთები, რომელზედაც აუცილებლად მომავალში ვაწარმოებთ შესაბამის სამუშაოებს. რაც შეეხება კვირიკეს (ძველი გალავნის) ტერიოტორიას, იქ მიწით და მოსახლეობის მიერ იყო სამშენებლო მასალა იყო დაყრილი და საჭიროებდა გაწმენდა-გასუფთავებას. სამუშაოების შემდეგ გამოჩნდა კვირიკესეული სასახლის კედლის ნაშთი, რომელიც კონტრფორსით ყოფილა დასრულებული. აქვე არ შეიძლება არ შევეხო ერთ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ციხე დარბაზი კარის ეკლესიის გარეშე არ არსებობს, ამიტომ გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია არის კვირიკეს კარის ეკლესია, ანალოგი შეიძლება მოვიძიოთ ჩვენ ბატონის ციხეში, ერეკლეს კარის ეკლესიები და კიდევ სხვა. ეკლესია შეიცავს ხუთ ქრონოლოგიურ პერიოდს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ როგორც ციხე, ასევე იქ არსებული შენობა-ნაგებობები და განსაკუთრებით ეკლესია-გალავნები ყოველთვის განიცდიდა აღდგენა-შეკეთებებს. როგორც იკვეთება თელავის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის მასშტაბები ფართო ხასიათს იღებს, რომლის კვლევით საქმიანობას კიდევ უფრო გაღრმავება, მოვლა და პატრონობა სჭირდება. მაგალითად, თანამედროვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობა აღქმულია როგორც ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ამიტომ ჩვენ აღარ გვაქვს უფლება იმის, რომ მიწის ქვეშ გვქონდეს განძი და ამ განძს არ მივცეთ განვითარების საშუალება და ეს ყველაფერი სამომავლოდ, ქალაქის კეთილდღეობაზე ვერ აისახოს. არაერთხელ აღინიშნა, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა. მთლიანობაში, რას მიაკვლიეს არქეოლოგებმა მიწის ქვეშ და აღმოჩენილი მასალა რა დასკვნის გაკეთების საშუალებას გაძლევთ? დაბახნების ტერიტორიაზე აღმოჩნდა კოშკის და კიდევ დაუდგენელი ფუნქციის შენობა-ნაგებობებიც. ძალიან საინტერესო დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება, მთავარი კოშკი რომელიც არის, მე-9-მე-10 საუკუნეებში გადაკეთებულია მუსლიმანურ მავზოლეუმად, იქ არის აკლდამები, პრეპარაცია და კიდევ ბევრი ნიუანსია მის საბოლოო შედეგამდე მიყვანამდე საჭირო. ეს კოშკი თავდაპირველად იყო მე-5-მე-7 საუკუნეების, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მას თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა. შესაძლებელია მთლიანად დაბახნების ბორცვს ორმაგი გალავანიც ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთის მონაკვეთი ჩაკეტილი იყო ხეობის ჩამკეტ გალავნებად და ეს სისტემა ამაგრებდა ჩვენს ქალაქს რაზედაც ზემოთ აღვნიშნე. სამუშაოების პროცესში ძალიან ბევრი ისეთი ფაქტი იჩენს ხოლმე თავს რომ მისი გამორკვევას ფართო ხასიათი უნდა მიეცეს, მაგალითად – დაბახნების ტერიტორიიდან რომ გადავავლოთ თვალი და გავიდეთ ბატონის ციხემდე, ეს ტერიტორია შესაძლებელია ერთ მთლიანობად წარმოვიდგინოთ, რომელსაც თავის დროზე, ამ ორ მონაკვეთს, თელავის ხევიც არ ჰყოფდა. ამაზე აწ. განსვენებული არქეოლოგი ქ-ნი ცისანა ჩიოკიძეც საუბრობს თავის ნაშრომში “ქალაქი თელავი“. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთში დაბახნებიდან ბატონის ციხემდე სხვადასხვა ნაგებობებისა და კერამიკული მასალების არსებობა. რა ბედი ეწია აღმოჩენილ არტეფაქტების, ჩაუტარდა თუ არა მათ სათანადო გამოკვლევა და ხომ არ გადაეცემა თელავის ისტორიულ მუზეუმს? მნიშვნელოვანი არაფერი გამოვლინდა, გარდა ადრეული პერიოდის კრამიტისა, რომელიც თელავის ისტორიულ მუზეუმში დაიდებს ბინას. რაც შეეხება არტეფაქტებს დაბახნების ტერიტორია შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის ცოცხალი მუზეუმი ღია ცის ქვეშ. თუმცა სამუშაოები ამით არ დასრულებულა, კიდევ არაერთი დეტალია გასავლელი, განვითარების კონცეფციის შემუშავება სჭირდება ამ ტერიტორიას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა. თვითონ პროექტის ავტორი დაგვეკონტაქტა და ჩვენი მხრიდან მიწვდილი იქნა აღმოჩენის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რაზედაც მოხდება ტერიტორიის განვითარების კონცეფციის შემუშავება. ვფიქრობ, აქ უნდა მოეწყოს მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ვინაიდან ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გამოსარკვევი. რა ეტაპზეა შეჩერებული არქეოლოგიური სამუშაოები და როდის იგეგმება პროცესის განახლება? არქეოლოგიური სამუშაოები აუცილებლად გასაგრძელებელია, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ბოლომდე, რა მნიშვნელობის ქალაქთან გვაქვს საქმე. ეს ქალაქი იმსახურებს იმას, რომ მისი კულტურული მემკვიდრეობა მაქსიმალურად ამოწურული იყოს და ბოლომდე დადგინდეს ქალაქის მნიშვნელობა, მისი რაობა. საერთოდაც, მე მომხრე ვარ, რომ თელავის ბაზაზე ჩამოყალიბდეს მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ჯგუფი, რომელიც ყოველწლიურად კონკრეტულ ობიექტებზე აწარმოებს სამუშაოებს. შარშან, თეთრწყლებთან ნაქალაქარის ტერიტორიაზე ვაწარმოეთ არქოლოგიური სამუშაოები, რომელსაც წელსაც გავაგრძელებთ. ეს ნაქალაქარი თელავთან კავშირშია, ერთი მთლიანი გეოგრაფიული არეალი იკვეთება. ტერიტორია არის შეუსწავლელი, ძალიან გასაკვირია ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, რატომ ვერ მოხერხდა ამ ტერიტორიის სათანადოდ შესწავლა. კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ამ ადგილას ბევრი მნიშვნელოვანი მასალა ინახება. მაგალითად, ფსიტის ციხე რომლის შესახებაც თითქმის არაფერია ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ ის ალექსანდრე მეფის სიგელშია ნახსენები და შაჰ-აბასის დროს დაინგრა. ციხე წარმოადგენდა კახეთში შემომავალი ხეობის ჩამკეტ ციხეს, რომელიც გადაჰყურებდა ნაქალაქარს. ციხის მსგავსება ძალიან დიდია უჯარმის ციხესთან. ტერიტორია იყოფა ორ, დიდ და პატარა ნაქალაქარად, სადაც გვიან ბრინჯაო – ადრე რკინის ხანის სადგომები, გალავნები, სამეურნეო დანიშნულების ორმოებია (ხარო). ჩვენ ინტენსიურად ვაწარმოებთ ამ ტერიტორიაზე დაზვერვებს და ყოველ ნაბიჯზე ახალ-ახალი ნაგებობის კვალი იკითხება. ჩატარებული სამუშაოების პირველივე ეტაპზე შედგენილია სააღრიცხვო ბარათები, რომლებსაც მიენიჭება ძეგლის სტატუსი. მიმდინარე არქეოლოგირი სამუშაოები, აღმოჩენები რამდენად შეუწყობს ხელს ქალაქში ტურიზმის განვითარებას? თელავის მაგალითზე, შესაძლებელია ითქვას, რომ ვგეგმავთ და ვახორციელებთ დღემდე დავანებული კულტურული მემკვიდრეობის ნაშთების მაქსიმალურად გამორკვევას და ათვისებას, შემდეგ მათ მოვლას, რათა შემოდგომში მოხდეს ტურისტული ნაკადის ზრდაც. სხვათა შორის, ტურისტული კუთხით საკმაოდ პოპულარულია, ტურისტების ჩართულობა არქეოლოგირი სამუშაოების პროცესში. წელს ეს ყველაფერი რამდენად მოესწრება არ ვიცი, თუმცა ადგილორბივი ხელისუფლების მხრიდან არის ნება, რომ გაგრძელდეს სამუშაოები. ისევე, როგორც თელავი, ნაქალაქარიც მუზეუმია ღია ცის ქვეშ, ტერიტორია უზარმაზარია, დაახლოებით 120 ჰეტქარია, ნაქალაქარს დიდი მუშაობა და რესურსი სჭირდება, რასაც ჩვენ ვერ მოვერევით და იქნებ სამომავლოდ ქართულმა და უცხოურმა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთობლივად ვიმოქმედოთ. სამომავლოდ ასევე აუცილებელი იქნება ტერიტორიის არქეოლოგიურ ზონად გამოცხადება. ამ ყველაფრის ფონზე არ არის რთულად წარმოსადგენი ტურიზმის განვითარებისთვის რამხელა პოტენციალი აქვს მთლიანად მუნიციპალიტეტს. გამოვლენილი და კარგად მოვლილი ისტორიული ძეგლი, ეს არის წინაპირობა იმის, რომ ეს კულტურული მემკვიდრეობა იქცეს ქალაქის და კუთხის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთ ფაქტრად. და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში სულ რაღაც მეორე წელია რაც ჩამოყალიბდა ძეგლთა დაცვის განყოფილება და ამ დარგის ახლად გარდაქმნილი სტრუქტურა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. გამოწვევა გამოიხატება პირველ რიგში, ფინანსურ რესურსში, რადგან ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნება საჭიროებს გამოვლენას, მოვლასა და პატრონობას. ეს ყველა ერთად აღებული მომავალ თაობებზე გადადის, რაც მუდმივ მემკვიდრეობით შრომას და მოვლას ემსახურება. ამიტომ ამ ეტაპისთვის ჩვენ საჭიროდ ვთვლით, მინიმალური რესურსით მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ის მემკვიდრეობა, რაც სამომავლოდ კულტურულ მემკვიდრეობის თვალსაზრისით გაზრდის ქალაქის მნიშვნელობას. კარგად მოვლილი და განვითარებული კულტურული მემკვიდრეობა, მათდამი სწორი დამოკიდებულება, მიუთითებს ჩვენი ქალაქის კულტურის განვითარების დონეზე. ამიტომ ჩვენი ვალია მუნიციპალიტეტში გამოვამზეუროთ და შევქმნათ ახალი ღირებული ძეგლები, რომელსაც მოვუფრთხილდებით და გადავცემთ მომავალ თაობებს. ჩვენ გავქვს მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა, როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური და ვალდებულები ვართ, ეს ყველაფერი მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ავითვისოთ. გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ის, რომ შაბლონად ქცეული ქალაქის ისტორია, პრინციპულად საჭიროებს ახალი სიტყვის თქმას, ამიტომაც ყველა ჩატარებული სამუშაოები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თელავში ახალი ისტორიის ფურცლები გადაიშალოს, რასაც აუცილებლად თელავის მუნიციპალიტეტის მერია ახლო მომავალში გამოსცემს. გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მცხეთაში და კიდევ ბევრგან ფართოდ გაიშალა არქეოლოგიური სამუშაოები, თელავში კი არქეოლოგიური სამუშაოები მხოლოდ თუ არ ვცდები, 60-იან წლებშია ჩატარებული, ანუ მცხეთის მაგალითზე , რომ ვისაუბროთ, თელავმა თითქმის საუკუნით დააგვიანა, რაც ორ და შეიძლება სამ თაობასაც უდრიდეს, ეს კი მნიშვნელოვნად აკნინებს ისტორიული ქალაქის თვითგამორკვევის საკითხს, ამიტომ ნებისმიერი სამუშაოები, რაც დღეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, უკვე არის შედეგის მომცემი. გააჩნია ამას ჩვენ როგორ მოვუფრთხილდებით და გამოვიყენებთ და გადავცემთ თაობებს. ავტორი: ნათია ნანაშვილი არქეოლოგიათელავი