ფოთის თეატრის დირექტორი: დავით მღებრიშვილი ისევ სამხატვრო ხელმძღვანელია ფოთი დამატების თარიღი 24 აპრილი, 2018 306 ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით მღებრიშვილმა თამნამდებობის დატოვების შესახებ განცხადება FACEBOOK გვერდზე 14 აპრილს გამოაქვეყნა, სადაც წერდა რომ თეატრში არსებული მდგომარეობა მისთვის, როგორც პროფესიონალისთვის მიუღებელია და ის ტოვებს დაკავებულ თანამდებობას. გავრცელებული ინფორმაციით, მღებრიშვილს პოსტი საკუთარი ნებით არ დაუტოვებია, ის თეატრის სამხატვრო საბჭომ კენჭისყრის შედეგად გადააყენა. გადაყენების ფაქტს უარყოფს თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია და ამბობს, რომ ოფიციალურად ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დღემდე ისევ მღებრიშვილი ითვლება: „მსგავსი არაფერი მომხდარა. კონკრეტულ სიტუაციაზე კომენტარს არ ვაკეთებ. არაფერი არ არის გადაწყვეტილი, სამხატვრო ხელმძღვანელი ისევ სამხატვრო ხელმძღვანელია, ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.“ თავად დავით მღებრიშვილმა კომენტარის გაკეთებაზე და ზოგადად ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა: „ჯურნალისტებს ინტერვიუს არ ვაძლევ და ვცდილობ არ ვიურთიერთო საერთოდ“. თეატრი ამ გაურკვევლი თუ გარკვეული სიტუაციის პარალელურად, რეგიონული ტურნეს ფარგლებში გასტროლებს წარმატებით აგრძელებს. რამდენიმე დღის წინ, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული თეატრის სცენაზე დასმა, რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანის დოკუმენტური სპექტაკლი "მკვდარი ქალაქები“ წარადგინა. შეგახსენებთ, ფოთის თეატრის ახალი შენობა, რომელიც 9 წლის მანძილზე შენდებოდა, საზეიმო ვითარებაში 2014 წელს გაიხსნა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მალევე გამოვლინდა, რომ სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული. შენობამ წყალი გაატარა, სასცენო ლიფტი ჩამოვარდა და ერთ-ერთი თანმშრომელი დაშავდა, ის დღემდე ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. ორი თვის წინ, ფოიეში ჭერის დიდი ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა. თეატრის დირექციამ უსაფრთხოების მიზნით შენობაში მუშაობა დროებით შეწყვიტა. დასი სპექტაკლებს, ობიექტის რეაბილიტაციის დასრულებამდე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მართავს.