სოფელ სნოში ადგილობრივები მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ ყაზბეგის მუნუციპალიტეტი დამატების თარიღი 9 იანვარი, 2018 422 უკვე მეორე დღეა ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში, ადგილობრივები, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობა მოითხოვს, დღეს მათ ადგილზე შეხვდნენ ეკონომიკისა და გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები, რათა მიიღონ ინფორმაცია თუ რატომ არ სრულდება მათთვის მიცემული პირობა, რომლის თანახმადაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი დასახლებიდან მოშორებით არსებულ ქედზე უნდა აშენებულიყო. "თავად ელექტროსისტემის ინფორმაციით, ეს ტექნიკურად შესაძლებელია და დამატებით ფინანსურ ხარჯებს არ მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის დაპირებისა, 8 იანვარს მოსახლეობის ინფორმირებისა და მათთან შეთანხმების გარეშე სამშენებლო ტექნიკამ სოფელ სნოში ეროზირებულ ტერიტორიაზე დაიწყო მუშაობა. პროექტის თანახმად, მაღალი ძაბვის გადამცემმა ხაზმა საცხოვრებელი სახლებიდან 30 მეტრში უნდა გაიაროს და მოსახლეების ეზოები გადაკვეთოს, რაც იქ ცხოვრებას შეუძლებელს გახდის. მოსახლეობა მოითხოვს, რომ 9 იანვარს მათ შეხვდნენ ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები და მოხდეს გადამცემი ხაზის იქვე არსებულ ქედზე აწევის (2 ანძა) განხილვა, რაც მოსახლეობას პრობლემებს მოუხსნის", – ამის შესახებ ადგილობრივები აცხადებენ. მათივე თქმით, მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მოსახლეობა აქციებს გეგმავს.