საკონსტიტუციო სასამართლო ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევის წესის საკანონმდებლო რეგულაციას განიხილავს სიახლეები დამატების თარიღი 25 ოქტომბერი, 2017 327 „სადავო ნორმები ბუნდოვანი შინაარსისაა, რაც ქმნის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან თვითნებობისა და საკუთარი უფლებამოსილებების გადამეტების მომეტებულ საფრთხეს“ – მიიჩნევენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. კონსტიტუციურ სარჩელში ხაზგასმულია, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენა არ საჭიროებს წინასწარ სასამართლო ნებართვას. ამასთან, შეზღუდულია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებული ქმედებების შემდგომი სასამართლო კონტროლიც. შესაბამისად, სახეზეა ადამიანის უფლებათა დარღვევის მაღალი რისკი. აღნიშნულიდან გამომდინარე სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ გამოდის დააღნიშნული რეგულაციის არაკონსტიტუციორად ცნობას ითხოვს. მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული ნორმები ნარკოლოგიური გამოკვლევის მიზნით ადამიანის პირადი თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებენ ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად აუცილებელია ამგვარი შეზღუდვა კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიზნებისათვის. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.