რესურსცენტრის უფროსი: ვიდეოკამერამ დააფიქსირა, რომ იორმუღანლოში მასწავლებელმა მოსწავლეს წიგნი ჩაარტყა საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 5 მარტი, 2018 335 ამ წუთებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ დაწყებითი განათლების პედაგოგის, თეა გურგენიძის სკოლაში დაბრუნების მოთხოვნით. თავად პედაგოგს კი ამავე სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლის ცემაში ედება ბრალი. საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მანანა ცუცქირუძის თქმით, აღნიშნული ფაქტი ვიდეოკამერამ დააფიქსირა, მანდატურმა კი მოხდარზე შესაბამისი ოქმი დაწერა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული კადრები დისციპლინური კომიტეტის წევრებმა ნახეს, სადაც ჩანს, რომ მოსწავლეს პედაგოგი თავში რამდენჯერმე წიგნს ურტყამს, შემდეგ კი ხელზე კალამს რამდენჯერმე არჭობს. დღეს დილიდან მეოთხე კლასის მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ და მოითხოვენ, რომ არ გათავისუფლედეს პედაგოგი, რომელმაც სავარაუდოდ მოსწავლეზე იძალადა. აქციის მონაწილეები საგაკვეთილო პროცესს არ ესწრებიან. "ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა და თუ ფაქტი დადასტურდება, პედაგოგს შესაბამისი ადმინისტრაციული სასჯელი ელოდება. ბავშვები, რომლებიც აქციაზე დგანან და მათი მშობლებიც მოითხოვენ მასწავლებლის დაცვას. მინდა გითხრათ, რომ პირადად ჩემთვის, სკოლის ადმინისტრაციისთვის და ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოებისთვის, ისეთი ადამიანის დაცვა, რომელიც ძალადობას განახორციელებს, მიუღებელია. რაც შეეხება მოსწავლეთა მიერ გაკვეთილების გაცდენის ფაქტს, ძალიან ცუდია რომ ბაავშვები ზარალდებიან. მათ გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ. თუ დადასტურდება რომ თეა გურგენძემ ბავშვი სცემა, ნამდვილად ღირსია, ის სკოლიდან გათავისუფლდეს. ვიდეოკადრები ნახეს დისციპლინური კომიტეტის წევრებმა სადაც ნამდვილად დასტურდება, რომ რამდენჯერმე არტყამს წიგნს და კალამს ურჭობს ხელში რამდენჯერმე. “-ამბობს მანანა ცუცქირიძე.