რას ითხოვენ გარდაბნელი ქალები ადგილობრივი ხელისუფლებისგან გარდაბნის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 3 ოქტომბერი, 2017 358 დასაქმების პრობლემა; ქართული ენის უცოდინრობა; წყლის საჭიროება; ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ხელმიუწვდომლობა; სოფლის ამბულატორიების არ არსებობა; დაზიანებული სოფლის გზები; სოფლას საბავშვო ბაღების არ არსებობა; ბავშვებისთვის საგანმანათლებლო ცენტრებისა და ბიბლიოთეკების, სპორტული და გასართობი მოედნების საჭიროება – ეს, ის მთავარი პრობლემებია, რომელთა მოგვარებასაც გარდაბნის სოფლებში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალები ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქალთა საჭიროებების გამოვლენის მიზნით „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან 16 შეხვედრა გამართა (https://uploadfiles.io/5ze6t ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ აქ). შეხვედრები მიზნად ისახავდა ამომრჩეველი ქალების საჭიროებების გამოვლენას და მათ შესახებ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ინფორმირებას. ქალთა საჭიროებების მოკვლევა საქართველოს 8 რეგიონის 12 ქალაქში ჩატარდა. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, დევნილი და სოფლად მცხოვრები ამომრჩეველი ქალების საჭიროებების გამოვლენაზე. „გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეხვედრებიდან ყველაზე მეტად სოფელ მუხროვანის ქალთა მდგომარეობაა რთული. ამ სოფელში თავმოყრილია ყველა ის პრობლემა, რომელზეც სხვა სოფლებში გვესაუბრებოდნენ. ამ სოფელში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს განსაკუთრებული პრეტენზიები აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი, აცხადებენ, რომ მათი მდგომარეობით, მიუხედავად არა ერთი მიმართვისა, არავინ დაინტერესებული. ამ სოფელში მცხოვრებთა სოციალური და ყოფითი პრობლემები მართლაც გამორჩეულად უმძიმესია,“ – აცხადებს პროექტის მენეჯერი ინგა ალავიძე. ქალთა საჭიროებები გამოვლინდა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროექტის მიზანია არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.