პროექტ “გაეროს მოდელირება 2018-ის” მონაწილე ახალგაზრდებისთვის გასაუბრება დაიწყო ქუთაისი დამატების თარიღი 19 ივნისი, 2018 164 გასაუბრება რომელიც მიმდინარე წლის 19-20 ივნისს ინგლისურ ენაზე ქუთაისელ ახალგაზრდებთან გაიმართება, 30 მოტივირებული ახალგაზრდას გამოავლენს და მათ საშუალება ექნებათ აღნიშნულ პროექტში ჩაერთონ. პროექტში მონაწილეობას სულ 60 (18 დან – 25 წლამდე) ახალგაზრდა მიიღებს, აქედან 30 ქუთაისიდან, ხოლო 30 დაძმობილებული ქალაქებიდან იქნება. პროექტი "გაეროს მოდელირება 2018", რომლის მიზანს ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელება წარმოადგენს, ქუთაისში სექტემბრის თვეში ხორციელდება. კომუნიკაციური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტთან დაძმობილებულ ქალაქებთან თანამშრომლობის გაძლიერება პროექტის მთავარი ამოცანაა. პროექტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, მშვიდობის კორპუსისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს" მიერ ხორციელდება .