მერობის კანდიდატი ქალი, რომელიც ამომრჩეველს თვალით არ უნახავს ფოთი დამატების თარიღი 20 ოქტომბერი, 2017 418 „ახალი საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატს ფოთელი ამომრჩეველი საერთოდ არ იცნობს. ფოთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასააჩევნო კამპანია ისე დასრულდა, რომ „ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი ინგა ჭანტურია თვალით არავის უნახავს. მას ამომრჩეველთან ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია და ქალაქში არც მისი საარჩევნო პლაკატები გამოჩენილა.საოლქო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირებულ მის საკონტაქტო ნომერზე მუდმივად ქალბატონი პასუხობს, რომელიც აცხადებს რომ ფოთის მერობის კანდიდატის წარმომადგენელია, თავად კანდიდატს კი სასაუბროდ არ სცალია. “აიპრესი“ აღნიშნულთან დაკავშირებით „ახალი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისს დაუკავშირდა. პარტიის წარმომადგენლებმა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. შეგახსენებთ ფოთში მერობისთვის ოფიციალურად სამი კანდიდატი იბრძვის: მაია ჩხარტიშვილი („პატრიოტთა ალიანსი“), მაკა ჯინჯოლია(„ნაციონალური მოძრაობა“) და ინგა ჭანტურია („ახალი საქართველო“).