მედიაცენტრის დირექტორი: საქართველოში ქალთა შრომითი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა ფოთი დამატების თარიღი 15 მარტი, 2018 228 ფოთში, ქალთა შრომითი უფლებების დაცვაზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ ფოთის მედია ცენტრის დირექტორმა, ინგა გვასალიამ, კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალებს, საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის მიერ მხოლოდ 16 კონვენციაა რატიფიცირებული, რაც ქალთა შრომის უფლებებზე უარყოფითად აისახება. "სამწუხაროდ 2004 წლის შემდეგ, ქვეყანაში არ მომხდარა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის რატიფიცირება. მხოლოდ 16 კონვენციაა პარლამენტის მიერ ვიზირებული. სწორედ აქედან გამომდინარე ყოველდღიურად ირღვევა ქალთა შრომითი უფლებები.მაგალითად საჯარო სექტორში დასაქმებული ქალები, უფრო მეტი პრივილეგიებით სარგებლობენ, ვიდრე კერძო სექტორში მომუშავე ქალები. საქართველოს კონსტიტუცია კი ნათლად აცხადებს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე. ასევე დამსაქმებლის მიერ გამოქვეყნებული განცხადებები ხშირად მოიცავს ასეთ შინაარსს, რომ განმცხადებლები უნდა იყვნენ მხოლოდ მამაკაცები ან მხოლოდ ქალები. კონკრეტული სამუშაოების შესრულებისას, გასათხოვარი ქალები არ მიიღებენ იმავე ანაზღაურებას, რასაც დაქორწინებული მამაკაცები. ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორში, ქალებს მამაკაცებისგან განსხავვებით ნაკლები ანაზღაურება აქვთ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქალების უნარი და კომპეტენცია არასათანადოდ არის შეფასებული“_ განაცხადა ინგა გვასალიამ