მარნეულში “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის” კვლევის პრეზენტაცია გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 2 ოქტომბერი, 2017 370 მარნეულის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმარათა "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" მიერ ქალთა საჭიროებების თაობაზე ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია. „ხვდებოდით ქალებს და ვესაუბრებოდით მათ საჭიროებებზე, რაც ბევრი აქვთ. განსხვავებით სხვა რეგიონებში მცხოვრები ქალებისგან ეთნიკურად აზერბაიჯანულ თემში მცხოვრებ ქალთა პრობლემები სპეციფიურია. უპირველესი პრობლემა ისაა, რომ მათ საჯაროდ აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ, არ იღებენ საჯარო შეხვედრებში მონაწილეობას, ამას ტრადიცია კრძალავს. ამიტომაც, შეხვედრები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანი იყო პირველ რიგში, მათთვის, რადგან, მათ მიეცათ საშუალება ესაუბრათ თავიანთ პრობლემებზე ღიად. ანგარიში გავაცანით მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატებს, პარტიების წარმომადგენლებს, რათა ქალთა საჭიროებები ასახონ თავიანთ პროგრამებში და იმუშაონ მათ მოგვარებაზე,“ – განაცხადა ორგანიზაციის ფასილიტატორმა სამირა ბაირამოვამ. დისკუსიას დაესწრნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. პროექტის "დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას" ფარგლებში სოფლად მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალთა საჭიროებების გამოვლენის მიზნით 16 შეხვედრა გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სადახლოში, იმირში, ბეილარში, დამიაგიორახში, ქვემო სარალში, სარალში, ქუთლიარში, ალგეთში, არაფლშო, ქვემო ყულარში, კასუმლოში, კირიხლოში, ახლომახმუდლოში. შეხვედრები გაიმართა ქალებთან მინდვრებში, წყაროებზე, სახლებში. შეხვედრები გაიმართა კაცებთან "ჩაიხანებში", სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლები მათ ესაუბრნენ 21 ოქტომბრის არჩევნებისა და ქალთა საჭიროებების შესახებ. პროექტის "დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას" მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.