ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორაში მრავალწლიანი ხეხილის ბაღები გაშენდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 28 მარტი, 2018 340 ხეხილის ბაღები „ჯეონათს კომპანიას“ დამფუძნებლებთან და ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერეს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ. როგორც შპს „ჯეონათს კომპანია“-ს დირექტორმა რევაზ ჩიტიძემ აღნიშნა, კომპანია ბიზნესმენ გიორგი ჩხაიძის მიერ 2015 წელს დაფუძნდა. კომპანიას სარგებლობაში სახელმწიფოსგან გადაეცა მიწის ნაკვეთი საერთო ფართი (60 ჰა-მდე). ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენდა ვაშლის, მსხალის, ჟოლოს, გარგარის ინტენსიური ბაღი. იგეგმება ჟოლოს პლანტაციის გაშენება 30 ჰა-ზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსგავსი სიდიდის პლანტაცია არათუ გურიაში, არამედ არ მოიძებნება საქართველოშიც. პარალელურად მიმდინარეობს დარჩენილი ტერიტორიების გაკულტურება. ასევე, იგეგმება გადამამუშავებელი და სამაცივრე საწარმოს მშენებლობა. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 3 მილიონ ნახევარ ლარს და მისი დასრულება იგეგმება 2019 წლისთვის. ამ ეტაპზე დასაქმებულია 20 ადამინი, ხოლო პროექტის სრულად განხორციელების შემდგომ დასაქმდება კიდევ 50 ადგილობრივი. კომპანია სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და მონაწილეობს პროგრამაში „დანერგე მომავალი“. მერაბ ჭანუყვაძის თქმით, კონკრეტულ სფეროში მსგავსი მოცულობის ინვესტიცია რეგიონში არ განხორციელებულა: „მინდა აღვნიშნო, რომ კონკრეტულ სფეროში მსგავსი მოცულობის ინვესტიცია ჩვენს რეგიონში არ განხორციელებულა და დარწმუნებული ვარ, აღნიშნული მეურნეობას ექნება მნიშვნელოვანი ადგილი რეგიონის განვითარებისთვის. დღეს, ამ მიმართულების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. სახელმწიფო მუდმივად ეხმარება მეწარმეებს და ბიზნესმენებს, რათა მეტად შეუწყონ ხელი სოფლის მეურნეობის განვითარებას,“ – განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ. აღსანიშნავია, რომ გარდა ხეხილის ბაღებისა, მალე ლანჩხუთში იგეგმება თევზის მეურნეობის გაშენება, რომელშიც 30 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება და დასაქმდება 200 – ზე მეტი ადგილობრივი.