კოტე მჭედლიშვილი: რაც ახლა გზებზე ხდება, ამის გამო სტალინის დროს დახვრეტას მიუსჯიდნენ! სიახლეები დამატების თარიღი 1 თებერვალი, 2018 370 სახელმწიფომ ამ წლის პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაასახელა. მათ განხორციელებას ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხა, 3 წლის განმავლობაში დაახლოებით 5 მილიარდი ლარი მოხმარდება. თუმცა მნიშვნელოვანი არა პროექტების დაანონსება, არამედ მათი განხორციელებაა. რომელი კომპანიები იმარჯვებენ ტენდერებში? ვინ ასრულებს სამშენებლო სამუშაოებს და როგორ? ვარკეთილის მეტროში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სამშენებლო ხარისხი ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება. არასწორად გაწერილი პირობები კი არაკეთილსინდისიერ კომპანიებს ყოველგვარი ვალდებულებისგან ათავისუფლებს. რამდენად უსაფრთხოა ჩვენი გადაადგილება და რა ხდება გზებზე? რამდენად გამართლებულია ის მოსაზრება, რომ უცხოური კომპანიები გაცილებით ხარისხიანად ასრულებენ სამუშაოს, ვიდრე ქართული? ამის შესახებ „აიპრესი“ საგზაო საქმის სპეციალისტს, პროფესორ კონსტანტინე მჭედლიშვილს ესაუბრა: პროფესორი აცხადებს, რომ უცხოური კომპანიების ბუმი სულაც არ ნიშნავს მაღალ ხარისხს. გაუმართლებლად უზარმაზარი ხარჯები აქვთ უცხოელებს, გინდათ საპროექტო სამუშაოებზე, გინდათ – საზედამხედველოზე, გინდათ კიდევ, სამშენებლოზე. ძალიან დიდი თანხები აქვთ მოთხოვნილი, რასაც არავითარი დასაბუთება და გამართლება არ აქვს. აი მაგალითად, ესპანური ფირმები მოღვაწეობენ ჩვენს საგზაო მშენებლობაში, მეტროსადგურიც ააშენეს. ესპანეთში არაჩვეულებრივად არის აშენებული საგზაო ქსელიც, მეტროპოლიტენიც. ჩვენთან ჩამოდიან ამ ფირმების მეასეხარისხოვანი წარმომადგენლები. მე ვიცი იქაური კვალფიცირებული ინჟინერის ხელფასი – საშუალოდ 3000 ევროა, მეტი არა, უიშვიათეს შემთხვევაში 5000 ევრო. ქვეყნის პრემიერის ხელფასია 7000 ევრო. აქ ჩამოსული რიგითი ესპანელი სპეციალისტი კი 7, 8, 10, 15 000 დოლარს იღებს ხელფასს თვეში. ჩვენთან ჩრდილოეთ პოლუსია, ანტარქტიდაა თუ საომარი მოქმედებებია? ჩვენ ვართ ედემის მაგვარ პირობებში, თუ არ ჩავთვლით მაღალმთიან კავკასიას, მაგრამ იქაც არაჩვეულებრივი არაფერია. შეგიძლია 2 საათის განმავლობაში შავი ზღვისპირეთიდან ახვიდე მაღალმთიანში, გააკეთო შენი საქმე და ჩამოხვიდე მოსასვენებლად. არავითარი გამართლება ასეთ დანახარაჯებს მათი მოწვევისას არ აქვს. თუ აქაური ჩინოვნიკები გადიან დანაშაულებრივ შეთანხმებაში ამ მოწვეულ ე.წ. სპეციალისტებთან და მერე იმ ზედმეტ ფულს ერთად ინაწილებენ, მაშინ იქნება „გასაგები“. სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რადგან ჩვენ გვყავს ბევრი კარგი სპეციალისტი, გამოცდილი კადრები და რაც მთავარია, უზარმაზარი ტრადიციები გვაქვს სატრანსპორტო მშენებლობაში – ქართველი გზების მშენებლების მიერ არის გაკეთებული საბჭოთა კავშირში ურთულესი ობიექტები, მთაგორიან პირობებში. აღსანიშნავია ქართველი მშენებლების შესრულებული ურთულესი ობიექტი ფერგანის ველიდან მთიანი ბადახშანის ოლქში, პამირის მთაგრეხილის გადაკვეთით, ყველაზე მაღალი უღელტეხილი აკბაიტალით. ავღანეთის 500 კმ-იანი მაგისტრალის დაპროექტებას ხელმძღვანელობდა მსოფლიო დონის ქართველი ინჟინერი ავთანდილ გოროზია. მშენებლობას უძღვებოდა ასევე ცნობილი მშენებელი გზებისა, ბიძინა მჭედლიძე – მშენებლობის პროცესი 17 წელი გრძელდებოდა. ქართველი ახალგაზრდა ინჟინრები მუშაობდნენ ურთულეს ობიექტებზე. მადაგასკარის კუნძულის მთელი საგზაო ქსელი, ჩვენი, ქართველი მშენებლების გაკეთებულია, იქ იყვნენ 5 წელი და დააპროექტეს. ქართველი სპეციალისტები მთლიანად იგნორირებულები არიან. შემოჰყავთ რაღაც საეჭვო კვალიფიკაციის და პროფესიული წარსულის ე.წ. სპეციალისტები და მათ შესრულებულ სამუშაოებზე იხარჯება ძალიან დიდი ფული. გეტყვით, აქ კიდევ რა არის ჩადებული: პროეტების განხორციელებისას არის მოთხოვნა, რომ ადგილობრივი სპეციალისტი იყოს არანაკლებ 40 პროცენტისა. ეს ჩვენთვის ერთი შეხედვით კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, რა გამოდის: ისინი იწვევენ ჩვენს ქართველ სპეციალისტებს და უცხოური ფირმა აქ პრაქტიკულად მენეჯერის როლს ასრულებს მხოლოდ. შემსრულებლად არიან ქართული ფირმები და ეს ქართული ფირმები მთლიანი სამუშაოს შესრულებაში მაქსიმუმ 20 პროცენტს იღებენ. დანარჩენ 80-ს იღებს ეს უცხოური ფირმა, შეუსაბამოდ მაღალ თანხას, რომელსაც ალბათ უნაწილებს იმას, ვინც ლობირება გაუკეთა აქ ჩამოყვანაზე. ჩვენ, ქართველ სპეციალისტებს, შეგვეძლო ეს 50 პროცენტად, ანუ ნახევარ ფასად გაგვეკეთებინა პრაქტიკულად ყველა პროექტი და დანარჩენი ნახევარი დარჩებოდა ბიუჯეტში. დღეს ქართული ფირმები ქვეიჯარაზე მუშაობს ყველა. – ხშირად ტენდერებში უცხოური კომპანიები შემოდიან დემპინგური ფასით და თან ისეთი ფირმები, რომელთაც პრობლემები აქვთ არა მხოლოდ ხარისხის მხრივ, არამედ ისეთ კომპეტენტურ ორგანიზაციებთან, როგორიც მსოფლიო ბანკია. ასეთ კომპანიებს ჩაბარებული აქვთ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები, მაგალითად სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზა, ქობულეთის, რუსთავის, ქუთაისის შემოვლითი მაგისტრალები. ამაზე რას იტყვით? ამოწმებს მათ ვინმე? – უაღრესად უპასუხისმგებლოდ იქცევიან… მეორე, დაბალი კვალიფიციკაცია აქვთ ძალიან და მესამეც, ქვეიჯარაზე ჰყავთ ქართული ფირმები, რომლებსაც ხშირად არაფერს უხდიან და აკოტრებენ. – კონკრეტულად დაგისახელებთ ასეთ კომპანიებს: მაგალითად ჩინური კომპანია ‘’სინოჰიდრო’’, „ჩინეთის რკინიგზა 23“. რომლებსაც 710 მილიონიანი პროქტი აქვთ ჩაბარებული… – ახლავე აგიხსნით: ხომ არის მადრიდის ,,რეალი’’ განთქმული, მაგრამ აქ ,,რეალის’’ ძირითადი გუნდის შემადგენლობა კი არა, არამედ გუნდის მენეჯერების მიერ ქუჩებში მოკრეფილი ბიჭ-ბუჭები რომ ჩამოიყვანონ სათამაშოდ, რა გამოვა? არაფერი! აი ასეთი შეკრებილი ხალხი ჩამოდის ჩვენთან, რომლებსაც მაქსიმუმ აქვთ გავლილი რაღაცა ტრენინგი, კურსები. ან მათი კვალიფიკაციის დონე ძალიან დაბალია, ან მაღალი კვალიფიციკაცია აქვთ, მაგრამ არ ენაღვლებათ, რა იქნება… განა იმ ჩინელმა არ იცის, რომ მიწის ვაკისი სველი ტალახისგან არ უნდა ააშენოს? მაგრამ არ ენაღვლებათ. – მათ ხომ ზედამხედველობას უწევენ? ხომ არსებობს სპეცილაური საზედამხედველო კომპანიები? – კიდევ უფრო უარესს ამბავს მივადექით. დიახ, ამავე დროს, მშენებლობისას მიმდინარეობს ზედამხედველობა სამშენებლო სამუშაოებზე. ამ საქმეშიც უმეტესად უცხოური ფირმები არიან. აი ახლა მიმდინარეობს ხორვატული ფირმების ლობირება. ხორვატები შემოვიდნენ და დაპროექტების ძალიან დიდი ნაწილი აიღეს, ასევე ზედამხედველობის დიდი ნაწილი, ჯერ მშენებლობაზე არ შემოსულან. ხორვატები ყოფილი იუგოსლავიელები არიან და ევროპის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა. ჩვენზე ორჯერ მეტია ტერიტორიით და განვითარებული ეკონომიკით. მაგრამ რაც შეეხება გზების დაპროექტებას, იმათზე ნაკლები ჩვენ არაფრით არა ვართ. იმათ საუკეთესო, ბრწყინვალე მაგისტრალი აქვთ, ბელგრადი-ზაგრები, ჯერ კიდევ 70-იან წლებში აშენებული და მაგისტრალი ადრიატიკა, ურთულეს პირობებში დაპროექტებული. მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო უკეთესები გვაქვს გაკეთებული. -და, რატომ არ იყენებენ ადგილობრივ პოტენციალს? – ჯერ ერთი, ჩვენს ხელმძღვანელებს რომ შეხედავ, ყველა არის ძალიან ახალგაზრდა. არაა აუცილებელი 80 წლის იყოს, ან 70-ის, მაგრამ ხელმძღვანელი უნდა იყოს ცხოვრებისეული გამოცდილებითა და პროფესიული ნიშნით, უკვე გავლილი უნდა ჰქონდეს ცხოვრების დიდი ნაწილი. ესენი არიან გამოუცდელი ხალხი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ საქართველო, მისი ცივილიზაცია და კულტურა გაჩნდა მას შემდეგ, რაც თვითონ დაიბადნენ. ერთი თვის წინ დაახლოებით, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქალბატონმა, არის ასეთი, გზებზე მუშაობს, თქვა: ვიცით, რომ საგზაო მშენებლობა ძვირი დარგია, მაგრამ რა ვქნათ, საქართველოში სპეციალისტები არ გვყავს და ამიტომ უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელებიო. ამ ქალბატონმა არ იცის ამ დარგის არაფერი, არც ისტორიას არ იცნობს, არც დღევანდელობას, რა კადრებია, როგორი ტრადიციებია. და მეორე, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბევრს შეიძლება ეწყინოს, მაგრამ პარაზიტობენ უცხოურ გრანტებზე და ახლა ამ ლალიაშვილს და მისთანებს უნდათ, რომ მეტმა უცხოელმა დაიწყოს საქართველოში საქმიანობა – მოლოდინი აქვთ, რომ უფრო მეტი გასაქანი ექნებათ, დაუკავშირდებიან და მეტ გრანტს და თანხებს მიიღებენ. იცის კი ლალიაშვილმა, რომ მაგალითად, ავთანდილ გოროზიამ დააპროექტა ადლერი-ნოვოროსიისკის საავტომობილო მაგისტრალი ურთულეს პირობებში, გაცილებით უფრო რთულ პირობებში, ვიდრე არის ადრიატიკის ან ბელგრადი-ზაგრების მაგისტრალი და მიიღო სახელმწიფო პრემია?! 10 წელი აპროექტებდა იმას. დღესაც შეგვიძლია ჩვენ ეს! გახედეთ იმ მონაკვეთებს, რომლებიც თბილისიდან ხაშურამდეა, ავტობანი, ქართველი ინჟინრების დაპროექტებული მონაკვეთები არის ნორმალური, ესპანელების დაპროექტებული არის ძალიან ცუდი, განსაკუთრებით სვენეთი-იგოეთის მონაკვეთი, ეს არის სამარცხვინო. რომელი ერთი დაგისახელოთ ასეთი ფაქტი? ამის აშენებისთვის, სტალინის დროს, ალბათ დახვრეტდნენ შემსრულებლებსაც და ზედამხედველებსაც. უცხოელი სპეციალისტების გაკეთებულს ინფრასტრუქტურულ პროექტებში კარგს ვერაფერს ნახავს ადამიანი; იმიტომ, რომ ჩამოდის დაბალი კვალიფიკაციის სპეციალისტი და ჩამოდის ისეთი, რომ ამ ქვეყნის მომავალი, აშენებულის ბედი არ ენაღვლება.