კალაურში მოკლულის დედა: სამმა ნიღბიანმა ჩემი შვილი მოკლა და 20 ათას ლარამდე წაიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 12 აპრილი, 2018 251 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული 55 წლის ლადო ქევხიშვილის დედის განცხადებით, ყაჩაღური თავდასხმა მოხდა მის ოჯახზე. მისივე ინფორმაციით, სამმა ნიღბიანმა პირმა სახლიდან 20 000 ლარამდე თანხა წაიღო. "შუაღამისას შემოვიდა სამი ნიღბიანი სახლში,მე ცალკე ოთახში მეძინა, პირზე ხელი ამაფარეს და მარანში დამამწყვდიეს. ჩემი შვილი ტრაქტორისტი იყო და ტრაქტორის საყიდლად დიდხანს აგროვებდა ფულს. იცოდნენ ყაჩაღებმა თანხა რომ გვქონდა სახლში, მოკლეს ჩემი შვილი და 20 000 ლარამდე წაიღეს. ამ ფულით ლადოს ტრაქტორი უნდა ეყიდა. შორი გზიდან არავინ მოვიდოდა, ჩემი ვარაუდით ეს საშინელება ადგილობრივებმა ჩაიდინეს", – აცხადებს გარდაცვლილის დედა, მანია ქევხიშვილი. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე სახლიდან თანხის წაღების ფაქტს არ ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება 108 -ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, ხოლო დამნაშავეთა დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.