თელავის მერი: ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თელავის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი დაიხარჯება თელავი დამატების თარიღი 3 აპრილი, 2018 214 "ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი, 13-14 მილიონი ლარი დაიხარჯება"- ამის შესახებ ,,აიპრესს,, თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა განუცხადა. მერის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები, ასევე შეკეთდება ყველა ის ქუჩა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანის და წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობდა. ნარეკლიშვილის თქმითვე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ჭაბურღულების მოწყობა იგეგმება. ხოლო სოფლებში, ვარდისუბანსა და კისისხევში სტადიონები მოეწყობა. "წლევანდელ წელს ჩემი, როგორც მერის პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება. ამას ისიც მოწმობს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი დაიხარჯება. აპრილის ბოლოსთვის, წვიმიანი ამინდების დასრულებისთანავე დაიწყება ქალაქის რამდენიმე ქუჩის მოასფალტების სამუშაოები, მათ შორის არის ფალიაშვილის, ბაგრატიონის, ლაღიძის, გრიბოედოვის ქუჩები,ასევე იაშვილის ქუჩის ზედა კვარტალი. ასევე შეკეთდება ის ქუჩებიც, რომლებიც წყალგაყვანილობის გამო, ან სხვა სახის სამუშაოების შესრულების დროს დაზიანდა. სოფლებში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ვგეგმავთ სერიოზულ სამუშაოებს, მოეწყობა ახალი ჭაბურღილები. ახალგაზრდებისთვის კისისხევსა და ვარდისუბანში სტადიონები მოეწყობა. მთლიანობაში, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე დაახლოებით 14 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. " – განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას შოთა ნარეკლიშვილმა.