ზუგდიდში “ნატოს თასის” ფინალური შეხვედრა გაიმართა ზუგდიდი დამატების თარიღი 22 აპრილი, 2018 166 ზუგდიდის სპორტკომპლექსში, ნატოს დღეების ფარგლებში, მინი-ფეხბურთში, ,,ნატოს თასი“-ს ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ხობის საკრებულოსა და ჩხოროწყუს მერიის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდმა მოიპოვა. ნატოს დღეების ფარგლებში, ტურნირი მინი-ფეხბურთში 14 მარტს დაიწყო და მასში სამეგრელო-ზემო სვანეთის მერიებისა და საკრებულოების ცამეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირის გამარჯვებულები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილების უფროსმა გრიგოლ ჯღამაიამ და „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლებმა სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვეს. ტურნირი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.