ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ ბულვარში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა ზუგდიდი დამატების თარიღი 16 დეკემბერი, 2017 329 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, ვიცე-მერ გია გულორდავასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვლიერა – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერი, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო, სადაც, ამ ეტაპზე სანიაღვრე არხის მოწყობა და გარე განათების მონტაჟი მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია მოაჯირებიანი ხიდ-გადასასვლელების, სარწყავი სისტემისა და წყალსაწრეტის მოწყობა, ასევე დეკორატიული ქოთნების განთავსება. პროექტის ფარგლებში შეიცვლება დაიდგმება ახალი სკამები და სანაგვე ურნები, ბულვარის ტროტუარებზე შშმ პირების დაუბრკოლებელი მოძრაობისათვის მოეწყობა პანდუსები, განახლდება ბულვარის გამწვანება. სამუშაოები 2018 წლის 7 ივნისს დასრულდება. პროექტის ღირებულება 789 970 ლარს შეადგენს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აგრეთვე ზუგდიდში ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს, რომლის ღირებულება 373 213 ლარია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, ინფრასტუქტურული პროექტების დათვალიერებას განაგრძობს.