ზუგდიდის ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი გათავისუფლებაში მამუკა წოწერიას ადანაშაულებს ზუგდიდი დამატების თარიღი 7 მარტი, 2018 253 ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის უკვე ყოფილი თანამშრომელი, სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტი ზეინაბ მორგოშია, რომელსაც ახლად შექმნილ აიპიში ხელშეკრულება არ გაუგრძელდა, სამსახურიდან გათავისუფლებაში ადგილობრივ ხელისუფლებას და პირადად საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას ადანაშაულებს. ამის შესახებ მან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი მტკიცებით, წოწერიამ ის პირადი მოტივით სამსახურიდან ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მადონა მაქაცარიას საშუალებით გაუშვა. ეს ფაქტი კი მის მეუღლეს, ალიოშა ალანიას უკავშირდება, რომელიც სოფელ ოქტომბრის მაჟორიტარ დეპუტატად „თავისუფალი საქართველოდან“ იყრიდა კენჭს, როცა სოფლის მაჟორიტარი წოწერია იყო. „20 წლის გამოცდილება მაქვს და მათ ჩემი გათავისუფლების საფუძველი არ ჰქონდათ. თითქოს, შტატები უნდა შეემცირებინათ და იზრდება. მე ერთადერთი ვარ, ვისაც ხელშეკრულება არ გაუგრძელდა“, – აღნიშნა მორგოშიამ. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა, მის ოჯახს საფრთხე ემუქრება და ცენტრალურ ხელისუფლებას ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვს. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარესა და ქალაქის მერს, ისინი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია სამკითხველო დარბაზის ყოფილი მთავარი სპეციალისტის ზეინაბ მორგოშიას ბრალდებას სამსახურიდან მისი პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებასთან დაკავშირებით უარყოფს. მისი მტკიცებით, მორგოშიას ხელშეკრულება იმ განცხადების საფუძველზე არ გაუგრძელდა, რომლითაც ამ უკანასკნელმა მერს მიმართა. „რეორგანიზაციამდე ზეინაბ მორგოშია მოვიდა და მითხრა, რომ ალიოშა ალანიას მეუღლე იყო და ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ მიზეზით არ ავიყვანდი სამსახურში. მე მას ვუთხარი, რომ მსგავსი რამ ჩემი მხრიდან გამორიცხული იყო და მისი სახელი და გვარი ჩანივიშნე. ერთი კვირის შემდეგ კი მან მერს წერილი გაუგზავნა, სადაც ითხოვდა პასუხს, რატომ არ გავუგრძელეთ ხელშეკრულება, როცა თანამშრომლების აყვანა დაწყებულიც არ იყო. სწორედ ამის გამო აგარ გავუგრძელეთ ხელშეკრულება. სხვა მიზეზი არ ყოფილა“, – უთხრა ჟურნალისტებს მაქაცარიამ.