ენერგო პრო ჯორჯია: იგეგმება მაღალმთიანი აჭარის სამივე რაიონში მუშაობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 1 თებერვალი, 2018 330 "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს მენეჯმენტმა დღეს ბათუმში 2017 წლის ანგარიში წარადგინა. გენერალური დირექტორის განცხადებით კომპანიამ ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასულ წელს დაასრულა აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება. აბონენტებს დაუმონტაჟდა ევროპული სტანდარტების მრიცხველები. კომპანიამ 2017 წლის აგვისტოში კახეთის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია შეიძინა, რითაც გაიზარდა მომსახურების არეალი. ამჟამად "ენრეგო-პრო-ჯორჯია"-ს აბონენტი ქვეყნის მოსახლეობის 75%-ია. კომპანიამ გასულ წელს 89 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო 2018 წელს 92 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს. "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს წარმომადგენლებმა დღეს ისაუბრეს მაღალმთიან აჭარაში ზამთარში უხვი ნალექის გამო ელექტროენერგიის მიწოდების ხარვეზებთან დაკავშირებითაც. კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ ტერიტორიას სპეციფიური რელიეფი აქვს, თუმცა სამომავლოდ აქაც იგეგმება თანამედროვე სისტემის შექმნა. "უკვე ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებით, თუმცა ვადასტურებ რომ ქსელი კიდევ საჭიროებს ინვესტიციას და იგეგმება მაღალმთიანი აჭარის სამივე რაიონში მუშაობა და 2018 ში იქნება ამ მიმართულებით გაზრდილი ყურადღება. თუმცა სამივე რაიონი სპეციფიური რელიეფის მატარებელია, ხაზების ძველი ყაიდის პროექტირებით თუ თოვლის სიდიდისა და უგზოობის გამო" – განაცხადა ენერგო პრო ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.