დღეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა ბათუმი დამატების თარიღი 26 აპრილი, 2018 181 დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა. ახალი კორპუსის მშენებლობის სერთიფიკატს უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად ხელი მოაწერეს და საფუძვლის ჩაყრის სიმბოლურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა. თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი სასწავლო კორპუსი ლეონიძის ქ. N15-ში შენდება. მშენებლობისთვის ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 700- ათას ლარამდეა გათვალისწინებული. შენობის სამ სართულზე განთავსდება 27 აუდიტორია, კაბინეტები, საკონფერენციო დარბაზი. კორპუსი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, მოეწყობა პანდუსი, დამონტაჟდება ლიფტი. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება. საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნივერსიტეტს წარმატებები უსურვა და საჩუქრად შოთა რუსთაველის ისტორიული ბარელიეფი გადასცა. სტუმრებმა საძირკვლის ჩაყრის ცერემონიის დასრულების შემდეგ სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა დაათვალიერეს. 200 მობინადრეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სტუდენტთა საცხოვრებლის მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.