დაბა ხულოს მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აქვს ხულოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 18 სექტემბერი, 2017 679 დაბა ხულოს მოსახლეობა სასმელი წყლის დეფიციტზე საუბრობს. როგორც ადგილობრივები "აიპრსეთან" ყვებიან, სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა ერთ თვეზე მეტია აწუხებთ. მათივე თქმით, წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. მოსახლეობა არც გრაფიკითაა კმაყოფილი და არც წყლის რაოდენობით. ხულოს გამგებლის მოადგილის ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, სასმელი წყლის დეფიციტი გვალვების გამო წყლის კლებამ გამოიწვია. მისი თქმით, ეს არის მაქსიმუმი, რისი მიწოდებაც ამ ეტაპზე მუნიცპალიტეტის წყალკანალს შეუძლია. ბოლქვაძე იმასაც აღნიშნავს, რომ თუ გვალვები გაგრძელდება, წყლის პრობლემა დარჩება. „წყლის დებეტი, რომელიც დაბა ხულოს და მიმდებარე სოფლებს მიეწოდება, არის მაქსიმუმი, რისი მიწოდებაც ამ ეტაპზე მუნიცილაპიტეტის წყალკანალს შეუძლია. ჩვენ თვითონ ვიმყოფებოდით ადგილზე და იქ არსებული ყველა წყარო, რომელიც ახლო-მახლო მდებარეობს, არის შეკრებილი და ჩაშვებული ავზში. შესაბამისად, დღის განმავლობაში და ღამის საათებში ხდება წყლის დაგროვება და პიკის საათებში, მაშინ როდესაც მოსახლეობა სახლში იმყოფება, ხდება წყლის გაშვება. ისიც აღსანიშნავია, რომ გვალვების გაგძელების შემთხვევაში პრობლემა პრობლემად დარჩება. გარდა ამისა ჩვენ ვმუშაობთ დიდი პროექტზე, რომელიც არის მთა საჯოგიადან წყლის მოყვანა, რომელიც ვფიქრობ, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფას“,- განაცხადა "აიპრესთან" ხულოს გამგებლის მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ.