გურჯაანში 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 9 აპრილი, 2018 292 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, მერის მოადგილემ ნიკა გეთიაშვილმა, კულტურის განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა და კულტურის და განათლების განყოფილების უფროსმა თამარ ფურცელაძემ სოფელ კარდენახში მდებარე, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს ამ ტრაგიკულ დღეს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნას. მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატრიოტული სიმღერები შეასრულეს ხალხური სიმღერების შემსრულებელმა შორენა ჩალათაშვილმა და ანსამბლ "ხარებას" მომღერლებმა. "დღეს მე მოვედი ჩემს შვილებთან ერთად, რომ პატივი მიმეგო 9 აპრილის გმირებისთვის. საქართველომ სწორედ ამ ადამიანების დახმარებით მიაღწია დამოუკიდებლობას და ჩვენ ისინი არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ" განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა. 1989 წლის 9 აპრილს, ღამის 04:00 საათზე საბჭოთა არმიის ნაწილებმა, აფხაზეთში ადგილობრივი სეპარატისტული ძალების ალაგმვისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქცია ხელკეტების, ორლესული სასანგრე ნიჩბების და დღემდე დაუდგენელი ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენებით სასტიკად დაარბიეს. დაიღუპა 21, დასახიჩრდა და მოიწამლა ასობით დემონსტრანტი. ორი წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს, იმავე წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.