გიორგი სალაყაიას უპასუხოდ დატოვებული კითხვები და კომპანიის არაეთიკური პასუხი “აიპრესს” სიახლეები დამატების თარიღი 28 მარტი, 2018 426 კომპანია "ბადაგონის" მარკეტინგის სამსახურის უფროსის პასუხი, რომელიც ჩვენ მათთან სატელეფონო საუბრისას მივიღეთ, ყოველგვარ ეთიკურ ნორმებსაა მოკლებული. ეკატერინე ვარდოსანიძის პასუხი სცდება როგორც პროფესიული ეთიკის ნორმებს, ასევე მედიასთან ურთიერთობის ყველანაირ სტანდარტს. შევეცდები მოკლედ ავუხსნა მკითხველს თუ რატომ გადავწყვიტე "ბადაგონის" პასუხის განმარტება. დაახლოებით ორი თვეა უკვე, რაც კომპანია "ბადაგონის" ინვესტორებსა და მის ამჟამინდელ მფლობელს გიორგი სალაყაიას შორის დავა მიმდინარეობს. მთელი ამ ხნის მანძილზე, საინფორმაციო სააგენტო "აიპრესი" სისტემატიურად აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს და არაერთი ნიუსი თუ ინტერვიუ გასულა ჩვენთან გიორგი სალაყაისა და მისი ადვოკატის, ირაკლი ყანდაშვილის განმარტებებით. ასევე, ბადაგონის პიარისა და მარკეტინგის სამსახური ვერ დაასახელებს ვერცერთ ფაქტს, როდესაც მათ მოგვმართეს რაიმე განცხადებით და ის არ გამოქვეყნდა ჩვენს საინფორმაციო პორტალზე. ბუნებრივია, ქვეყნდებოდა მოწინააღმდეგე მხარის კომენტარებიც. სამართლებრივი დავა გრძელდება და ბუნებრივია, ბევრი კითხვა დაგროვდა როგორც ვლადიმერ ჯანჯღავას, ასევე გიორგი სალაყაიას მიმართ. თემა არ კარგავდა აქტუალობას და მასში, გიორგი სალაყაიას მხრიდან ჩაერთვნენ მაღალი რანგის სასულიერო პირები და პარლამენტარები.მათი განცხადებები ქვეყნდებოდა "ბადაგონის" ოფიციალირ გვერდზე. შესაბამისად, საკითხი კვლავ მოექცა ყურადღების ქვეშ. ჩვენ დავუკავშირდით ამ საკითხზე როგორც ალავერდის მიტროპოლიტ მეუფე დავითს, ასევე პარლამენტარ სალომე ზურაბიშვილს, რათა დამატებით კითხვებზე გაეცათ პასუხი. პარალელურად დავუკავშირდით გიორგი სალაყაიასაც გიორგი სალაყაიასთან არაერთგზის დაკავშირების მიუხედავად, მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. ასეთი მნიშვნელოვანი დავის დროს, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ მედიასთან ურთიერთობა გაეწყვიტა. „აიპრესს“ შენახული აქვს არაერთი ზარი და მესიჯი, როგორ ვცდილობდით მათთან დაკავშირებას და მეორე მხარის ჩაწერას. ეს პროცესი დაახლოებით ერთი თვე გრძლდებოდა. ორი კვირა კი „ბადაგონის“ პასუხის მოლოდინში არ გამოვაქვეყნეთ მეორე მხარესთან ჩაწერილი ინტერვიუ. სანამ საბოლოო უარი არ მივიღეთ მათგან. მანამდე, 20 მარტს, მათ გავუგზავნეთ კითხვებიც. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ „ბადაგონს“ სულაც არ გაუწყვეტია კავშირი მედიასთან (იგულისხმება „ბადაგონის“ ადვოკატის ინტერვიუ, რომელიც სარეკლამო წესით გამოაქვეყნეს ), ეკატერინე ვარდოსანიძეს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით. ქალბატონო ეკა, „ბადაგონი“-ს სახელით თქვენ მესაუბრეთ და მითხარით, რომ ამ ეტაპზე მედიასთან არ კონტაქტობთ და არ გსურთ კომენტარის გაკეთება. თუმცა დღეს ვნახე "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული თქვენი ფასიანი წერილი. თუ მედიასთან არ კონტაქტობთ ეს წერილი საწინააღმდეგოს მეტყველებს და თქვენი დამოკიდებულება როგორია მედიასთან ზოგადად? დიახ, ჩვენ გამოვაქვეყნეთ. იმ ეტაპზე არ ვკონტაქტობდით. ჩვენი საუბრის შემდეგ ვნახე თქვენი გამოგზავნილი კითხვები, აბსოლუტურად მეორე მხარის ინტერესების დაცვით იყო დასმული ყველა კითხვა. ჩვენ ასეთი დასკვნა გამოვიტანეთ. აქედან გამომდინარე რეალურად შეკვეთილ კითხვებად და სტატიად ჩავთვალეთ და ამიტომ არ გავეცით პასუხი. თქვენ იმიტომ მოგმართეთ ამ კითხვებით, რომ მეორე მხარე ყოფილიყავით და თქვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა. მე მახსოვს თქვენ რა მითხარით, მეორე მხარის გარეშე რომ არ დარჩენილიყო ეს სტატია, ამიტომ გამოგვიგზავნეთ კითხვები, თუმცა ნანახი არ მქონდა მაშინ თქვენი კითხვები და ვაპირებდი მომეწერა, რომ ბატონი გიორგი ვერ ახერხებდა პასუხის გაცემას, ვნახე კითხვები და იმდენად იყო მეორე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე რომ უბრალოდ კორექტულობის გამო არაფერი მოვიწერეთ. მეორე მხარის კითხვები რას ნიშნავს, ჩვენ გვაქვს უფლება დავსვათ ნებისმიერი კითხვა? მათი ინტერესიდან გამომდინარე იყო დასმული ყველა კითხვა. როდესაც მეორე მხარე რაღაცაში გადანაშაულებთ, როდესაც თქვენი პოზიცია ჩვენი სააგენტოთი სრულად შუქდებოდა და მეორე მხარესაც აქვს რაღაც პრეტენზიები, მათ მიერ წარმოთქმულ ბრალდებებზე კითხვები არ უნდა დაისვას? თან კითხვებში წერია რომ მეორე მხარე ამაში გადანაშაულებთ და თქვენ რას უპასუხებთ… მეორე მხარის პოზიციით არ ეწერა… ერთ კითხვაში ალბათ. კითხვები თუნდაც არ იყოს თქვენთვის მისაღები და სასიამოვნო… განმარტებას ითხოვთ ჩემგან? როდესაც ჩვენ ჩავწერეთ მეორე მხარის ადვოკატი, მისი ნასაუბრევიდან გამომდინარე გამოვგზავნეთ კითხვები. თქვენ რომ ჩაგვეწერეთ და თქვენ რა ბრალდებებსაც წავუყენებდით, ამ კითხვებსაც დავსვამდით. დებატებში შესვლას აღარ ვაპირებთ. ადვოკატმა საკმაოდ ბევრი კომენტარი გააკეთა, ბრიფინგებზეც და ა.შ.რაღაც ეს პინგ-პონგის თამაში, ამან ეს კითხვა დასვა და იმან ის ძალიან მოგვბეზრდა. ამიტომ კითხვებს თქვენ სვამთ, თქვენვე პასუხობთ და შემდეგ ამ დაფინანსებულ მასალებს აქვეყნებთ? ამას მეუბნებით? რა კითხვაც თქვენ გაწყობთ ის უნდა დაისვას? ეს ჩვენი საქმეა რას გავუშვებთ, ამას არავინ კრძალავს, უბრალოდ ვხედავთ მეორე მხარე როგორც იქცევა და იმის საპასუხოდ გამოვაქვეყნებთ. თქვენ საინფორმაციო სააგენტო „აიპრესზე“ დაინახეთ, რომ „ბადაგონის“ კომენტარი ან ბრიფინგები ან განმარტებები არ გაშუქებულა? თქვენი პოზიცია უწყვეტ რეჟიმში არ შუქდებოდა? ამ კითხვებში დავინახეთ… უკაცრავად აღარ მცალია, ბოდიშს გიხდით, გადმოგირეკავთ მერე. მერე, ეკატერინე ვარდოსანიძეს, რა თქმა უნდა არ გადმოურეკავს. აღარც ჩვენ მიგვიმართავს, რადგან „ბადაგონის“ მომზადებული კითხვა-პასუხით ხელმძღვანელობას არ ვაპირებთ. აქვე, გთავაზობთ იმ კითხვებს, რომელიც კომპანია „ბადაგონს“ გადავუგზავნეთ : 1.რომელ წელს დააფუძნეთ პირადად თქვენ კომპანია „ბადაგონი“? 2.თქვენ „ბადაგონში“ როგორც სარეგისტრაციო დოკუმენტებიდან ჩანს, ჩნდებით 2013 წლიდან. მანამდე რა სტატუსით იყავით კომპანიაში? 3.თქვენი პირადი ინვესტიცია რამდენია „ბადაგონში“ და რომელ წელს რა თანხა გაქვთ ჩადებული კომპანიის განვითარებისთვის? 4.როდესაც თქვენ აპელირებთ იმაზე, რომ ხელისუფლებამ 2006 წელს ზეწოლა მოახდინა თქვენს კომპანიაზე და ამ პერიოდში ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა თქვენი ბიზნესის წართმევის მცდელობა, ამ პერიოდში თქვენ იყავით პარლამენტის წევრი, რა სტატუსით წარმოადგენდით მაშინ „ბადაგონს? 5.თქვენ აცხადებდით, რომ კომპანიის წილი სხვადასხვა დროს შეიძინეთ 40 000 დოლარად. თქვენივე ადვოკატის თქმით, კომპანია იმ დროს მეტი არც ღირდა. მოგვიანებით დააზუსტეთ წილის ფასი და განაცხადეთ, რომ მასში გადაიხადეთ 1 200 000 დოლარი. იქნებ განმარტოთ თუ კი კომპანია მაშინ 40 000 დოლარზე მეტი არ ღირდა, რატომ შეიძინეთ ის 1 200 000 დოლარად? 6.თქვენი მოდავე მხარე, „ბადაგონის“ დამფუძნებლები აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხა გადაიხადეთ არა თქვენ, არამედ კომპანია „ბადაგონმა“ კომპანია „გრაკოროს“ მიმართ არსებული დავალიანება და დარჩა, დავალიანების საკმაოდ დიდი ნაწილი გადასახდელი. რა კომენტარს გააკეთებდით ამ საკითხთან დაკავშირებით? 7.ვინ იყო კომპანია „ბადაგონის“ ინვესტორი კომპანია და რა თანხებით აშენდა „ბადაგონის“ ქარხანა? 8.ფლობთ თუ არა თქვენ პირადა წილს კომპანია „გრაკოროში“? 9.აქვს თუ არა და რაოდენობის საბანკო სესხი კომპანია „ბადაგონს“ ამ ეტაპზე? პ. ს ჩვენ ვაგრძელებთ "ბადაგონის" საქმესთან დაკავშირებით მუშაობას. კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლებს კი აბსურდული და არაეთიკური ბრალდებების ნაცვლად მოვუწოდებთ კითხვებზე გაგვცენ პასუხი და დააფიქსირონ მათი პოზიცია. პატივისცემით, "აიპრესის" რედაქტორი თამარ ლეფსვერიძე