ბათუმის ნავთობტერმინალის დირექტორი: სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, პორტი საქმიანობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ბათუმი დამატების თარიღი 4 აპრილი, 2018 226 ბათუმის პორტში შექმნილ კრიზისულ ვითარებას ბათუმის ნავთობტერმინალის გენერალური დირექტორი გამოეხმაურა. მურათ ჯუმადილაევმა კატეგორიულად უარყო სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე რაიმე სახის ზეწოლა. გენერალური დირექტორი პირიქით ყურადღებას ამახვილებს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე. "სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, პორტი საქმიანობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში, გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ ცალკეული სუბიექტები ავრცელებენ არასწორ ინფორმაციებს პორტის შესახებ, რითაც ცდილობენ შიდაკორპორატიული ამბები გადაიტანონ პოლიტიკურ სიბრტყეში, გვინდა განვაცხადოთ, რომ ბათუმის ნავთობტერმინალი პატივისცემით არის გამსჭვალული საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ გატარებული პოლიტიკისა და მათ მიერ ხელსაყრელი ბიზნეს-კლიმატის მხარდაჭერის მიზნით გატარებული ღონისძიებების მიმართ. ასევე ვაფასებთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას"-განაცხადა ჯუმადილაევმა. მან ასევე განაცხადა, რომ პორტში რთული სიტუაცია ნამდვილად შეიწმნა ტვირთბრუნვის შემცირების გამო, რასაც იგი ენერგეტიკული მაგისტრალების მომრავლებას უკავშირებს და აცხადებს, რომ ტვირთების მოზიდვას ისინი ყაზახეთიდან შეეცდებიან. ბათუმის ნავსადგურის ადმინისტრაციულ შენობაში დირექტორის გადადგომის მოთხოვნით ამდროისთვის მხოლოდ 6 ადამიანი შიმშილობს, 500-მდე თანამშრომელი კი დღეს ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ დაუბრუნდა თავის სამუშაო ადგილს. ნავთობტერმინალის გენერალური დირექტორის ინფორმაციით ყაზახეთიდან კომპანიის სათაო ოფისის დელეგაცია ბათუმში ხვალ ჩამოვა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს სწორედ ისინი მიიღებენ.