ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალთა საჭიროებებზე დისკუსია გაიმართა ახალგორის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 26 სექტემბერი, 2017 474 "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" ახალციხის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზაბით ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალი ამომრჩევლების საჭიროებების შესახებ დისკუსია გაიმართა. დისკუსიას ახალციხეში მოქმედი პოლიტიკური პარტიების წევრები, დეპუტატობის კანდიდატები, ქალი პოლიტიკოსები, ასევე, ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასაწყისში, დამსწრეებს ჟურნალისტთა ქსელის მიერ, პროექტის, – „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას" ფარგლებში, შემუშავებული მანიფესტი გააცნეს. მანიფესტი, არჩევნებში ძალადობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობას ეხება და მისი ადრესატები პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლება, მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები, მოსახლეობა და მედიის წარმომადგენლები არიან. "ძალიან მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, ვიღაც დაფიქრდა ქალი კანდიდატების მიმართ დისკრიმინაციაზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს მანიფესტი არის მედიის მისამართითაც", – განაცხადა ტექსტის გაცნობის შემდეგ "ქართული ოცნების" წევრმა, ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ თამარ გოგოლაძემ. შეხვედრის მონაწილეებს ჟურნალისტთა ქსელის მიერ, ქალი ამომრჩევლების საჭიროებებზე ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნეს. კვლევა ქალაქ ახალციხესა და ახალციხის სოფლებში, თავშეყრის ადგილებში, ე.წ. ბირჟებზე, სოფლის ცენტრებში ტარდებოდა და მასში უმეტესად საშუალო ასაკის ქალები მონაწილეობდენ. გარდა ამისა, ქალი ამომრჩევლების საჭიროებების გამოვლენის მიზნით, ორგანიზაცია ხვდებოდა ახალციხეში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე, ანგარიშშიც და კვლევის პერიოდშიც, ცალკე ყურადღება დაეთმო ეთნიკური უმცირესოების წარმომადგენელ ქალებსა და შშმ პირთა მშობლებს. დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში გამართა.