აჭარის რეგიონის საჯარო სკოლებს კონსერვაციული განათლების შესახებ სახელძღვანელოები გადაეცათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 25 აპრილი, 2018 164 რეგიონში არსებულ საჯარო სკოლებს კონსერვაციული განათლების შესახებ სახელძღვანელოები გადაეცათ. დღეს, მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებს აღნიშნული სახელძღვანელოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. სასწავლო მოდული კონსერვაციული განათლების შესახებ მომზადდა აჭარის სკოლებისთვის, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ადამიანისა და გარეული ცხოველების ურთიერთდამოკიდებულებაზე, ველური ბუნების უმნიშვნელოვანეს როლზე ეკოსისტემების ფუნქციონირებისთვის, მის რეკრეაციულ, ესთეტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე და კონსერვაციის აუცილებლობაზე. ის ასევე ხელს შეუწყობს მაღალმთიან აჭარაში გარეული ცხოველების მიერ შინაურ ცხოველებზე თავდასხმების რისკის შემცირებას შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების სწავ¬ლე¬ბით, რაც, თავის მხრივ, მცირე ფერმერული მეურნეობების ეკონომიკური გაძლიერების და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესების საწინდარია. საგნის სწავლებისთვის გამოიყენება პრობლემაზე, პროექტზე და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპები და მოსწავლეების პრაქტიკულ აქტივობებში ჩართვის მეთოდები. სახელმძღვანელო მომზადებულია „შავი ზღვის ეკო აკადემიის“ ექსპერტთა მიერ და ეფუძნება მათ მიერვე 2015 წელს აჭარაში ჩატარებულ „ადამიანისა და გარეული ცხოველების საბაზისო კვლევას“. აღნიშნული კვლევა და სასწავლო მოდული „შავი ზღვის ეკო აკადემიამ“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) დაკვეთით მოამზადა. შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი თავბერიძე ესწრებოდა.