აჭარის მთავრობა: “ოცნების ქალაქში” მცხოვრები ყველა ოჯახი ვერ მოხვდება უსახლკაროებისთვის განკუთვნილთა პროგრამაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 10 თებერვალი, 2018 317 "ეს პროგრამა იქნება მორგებული ვინც არის უსახლკარო და ესაჭიროება საცხოვრისი" -ჭარის მთავრობა აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ე.წ. "ოცნების ქალაქში" მცოხვრები ყველა ოჯახი არ არის სოციალურად დაუცველი და შესაბამისად ვერ მოხვდება უსახლკაროებისთვის განკუთვნილთა პროგრამაში. ეს განმარტება აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს ხელვაჩაურის ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე გამართული აქციის შემდეგ გააკეთა. რამაზ ჯინჭარაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რა სახის პროგრამაზე მუშაობს აჭარის მთავრობა, თუმცა მისი თქმით იქ მცხოვრებთა საცხოვრებელით დაკმაყოფილება უახლოეს პერიოდში მოხდება. "მთლიანად გუნდი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩართული ვართ, ამ პრობლემის გადასაჭრელად, განვიხილავთ ყველა ვარიანტს, ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. უახლოეს პერიოდში გაცნობებთ, თუ რა ვერსიაზე შევჯერდებით, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს "ოცნების ქალაქის" პრობლემა მათ შორის განიხილება კორპუსების მშენებლობაც, მაგრამ ეს ბიზნესმენებთან მოლაპარაკების შედეგად უნდა გადაწყდეს და რაც მთავარია არც ერთი ოჯახის მიმართ არ უნდა დაირღვეს სამართლიანობის პრინციპი. ის ოჯახები რომლებიც არიან უსახლკაროები შესაბამისად ეს პროგრამა რა პროგრამაზეც ვმუშაობთ და რა ვერსიებიც გვაქვს შემუშავებული იქნება მორგებული ვინც არის უსახლკარო და ესაჭიროება საცხოვრისი" – განუცხადა აიპრესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ. აჭარის მთავრობას ამჟამად რეგისტრირებული ჰყავს თვითნებურად შესახლებული 1500-ზე მეტი ოჯახი, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით მათი რიცხვი 2500-სს აჭარბებს. "ოცნების ქალაქის" ბინადრებმა დღეს გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან მათთვის საცხოვრებელი კორპუსების აშენება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა მიმართვა პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გაუგზავნეს. შეგახსენებთ, რომ "მოგვხედეთ და გვიშველეთ" სლოგანით "ოცნების ქალაქში" მაშტაბური აქცია მიმდინარეობს. დასახლებაში მაცხოვრებლები და სოციალურად დაუცველები ითხოვენ მიმდებარე ტერიტორიაზე მათთვის მრავალსართულიანი სახლი აშენდეს, რომლის მშენებლობაზეც აქ მცხოვრები ადამიანები დასაქმდებიან.