აჭარის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლა “რიგის გაზაფხული 2018”-ში მიიღებს მონაწილეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 17 აპრილი, 2018 403 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლა მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ქორეოგრაფიულ კონკურსში – "რიგის გაზაფხული 2018". საერთაშორისო ქორეოგრაფიული კონკურსი – "რიგის გაზაფხული" – ლატვიის ქ. რიგაში მეთოთხმეტედ გაიმართება 2018 წლის 18-22 აპრილს. კონკურსი დამწყებ ახალგაზრდა შემსრულებლებსა და ქორეოგრაფებს ერთმანეთის შემოქმედების შეფასების, ერთობლივი პროექტების შესაქმნელად კონსულტაციების მიღებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს. ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლა აღნიშნული კონკურსის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში 19 პირის შემადგენლობით (მათ შორის 11 მოსწავლე და 8 პედაგოგი) წარადგენს 17 საბალეტო ნომერს კლასიკური ცეკვის, თანამედროვე ცეკვისა და სახასიათო ცეკვის ნომინაციებში. დღეს საბალეტო სკოლის მოსწავლეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მოადგილე თეონა ბერიძე შეხვდა და წარმატებები უსურვა. „საერთაშორისო ქორეოგრაფიულ კონკურსში ბალეტის სკოლის მონაწილეობა ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას, პედაგოგების კვალიფიკაციისა და პროფესიული დონის ამაღლებას, საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციას, ბალეტის სკოლის ტრადიციების წარმოჩენას, თანამედროვე ქორეოგრაფიული ტენდენციების გაცნობას, პროფესიული კავშირების დამყარებას და ეროვნული ქორეოგრაფიული ხელოვნების ინტეგრაციას ევროპის კულტურულ სივრცეში“- აღნიშნა თეონა ბერიძემ. ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის – „კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“ – ფარგლებში დაფინანსდა.